თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული პოლიციელი ადვოკატმა მოინახულა.
როგორც ჟურნალისტებს ადვოკატმა, არჩილ ბერიანიძემ განუცხადა, ის დაკავებულს ესაუბრა, თუმცა დეტალებზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
„ვესაუბრე. შემიძლია გითხრათ ის, რომ გავეცნობი საქმის მასალებს დეტალურად. სხვა კითხვებთან დაკავშირებით პოზიციას ვერ დავაფიქსირებ და ვერც კითხვებზე გაგცემთ პასუხს”,- განაცხადა ბერიანიძემ.
ცნობისთვის, პროკურატურამ, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ფაქტზე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ვ.ზ დააკავა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, კახეთის საოლქო პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები და მოწმეთა დაკითხვა მიმდინარეობს.











