უკვე რამდენიმე თვეა, გურჯაანში ცხოველთა რეგიონული თავშესაფარი აშენდა, თუმცა მუნიციპალიტეტებში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა იზრდება.
თელავის ცენტრალურ ქუჩებსა და გარეუბნებში, მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ღამით ქუჩებში ფეხით გადაადგილება საფრთხის შემცველია.
„ჩვენს ქვემოთ დასასვენებელი პარკია. ბავშვების წაყვანის გვეშინია. დაღამდება თუ არა, ქუჩებს იკავებენ, ფაქტიურად. წლებია ეს საფრთხე ქალაქში არსებობს. ჯერ ცენტრში იყვნენ, ახლა ისე გამრავლდნენ, გარეუბნებშიც დიდ ჯგუფებად დადიან. როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს?“,- ამბობს ერთ- ერთი ადგილობრივი, მაია კობიაშვილი.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის , არჩილ ხანდამაშვილის განმარტებით, თავშესაფრის ამოქმედების ზუსტი თარიღი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
„შეიქმნა მართვის ორგანო, იქმნება სათანადო სტრუქტურები, მოსაძიებელია სპეციალისტები, რომლებიც ძაღლებთან იმუშავებენ. ვერ გეტყვით როდის ამუშავდება, შესაძლოა სექტემბერში, შეიძლება გვიან“,- განაცხადა ხანდამაშვილმა.
თავშესაფარი გურჯაანში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა და მისმა ღირებულებამ 1,9 მილიონი ლარი შეადგინა.
ტერიტორიაზე ადმინისტრაციული და კარანტინის შენობები, ვეტერინარული კლინიკა, ლაბორატორია, ვოლიერები და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურაა განთავსებული.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











