„თელავში, ისტორიულ გიგოს გორაზე, სადაც წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაც დგას, ხანძრის საშიშროებაა“- ამის შესახებ, „პრაიმტაიმნიუსთან“ ადგილობრივებმა განაცხადეს.
ისტორიულ ადგილთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობის ინფორმაციით, გორა გამხმარი ხეებით არის სავსე, რამაც შესაძლოა ცეცხლის გაჩენა გამოიწვიოს.
„აქაურობა სავსეა მოჭრილი, გამხმარი ხეებით, აქვეა ეკლესიაც და ხალხი დადის. თავისუფლად შეიძლება ცეცხლი გაჩნდეს, რომელიც გადაწვავს აქაურობას. სამაშველო სამსახურმა უკვე რამდენჯერ გააფრთხილა ყველა, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ, მაგრამ აქ მაინც ასეთი ვითარებაა“,- თქვა ერთ- ერთმა ადგილობრივმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტეს, რომ ადგილის გაწმენდა კეთილმოწყობის სამსახურს ევალება.
„მანდ ახალი ხეები დარგეს, ერთ- ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, თუმცა კეთილმოწყობის სამსახურმა უნდა დაასუფთაოს და ყველა რისკი გამორიცხოს. დღესვე ზომებს მივიღებთ“,- განაცხადა ინფრასტრუქტურის განყოფილების გამგემ, დავით ქსოვრელიშვილმა.
თელავში, გიგოს გორაზე საბჭოთა რეპრესიების დროს უამრავი ადამიანი დახვრიტეს.
ამ ადგილას დახვრიტა საბჭოთა ხელისუფლებამ, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად მოწყობილი, 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მონაწილეებიც.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი










