საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდება და პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, თითოეული სამართალდამრღვევი მკაცრად დაისჯება.
„უწყების თითოეული თანამშრომელი უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება აღნიშნულ ამოცანას და მყისიერ სამართლებრივ რეაგირებას ახდენს თითოეულ ინციდენტზე. ჩვენ არ დავუშვებთ საარჩევნო პროცესის ძალადობივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ ნებისმიერი სამართალდარღვევის ფაქტზე“, – აღნიშნა ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში და 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტებზე ოთხი პირი დააკავეს.











