თუ ბავშვი ჯანმრთელია, თუ არ ცხოვრობს ბებია-ბაბუასთან, სჯობს წელს გრიპის ვაქცინა არ გაკეთდეს და შევინახოთ რისკ-ჯგუფებისთვის, – ამის შესახებ პედიატრი თემურ მიქელაძე აცხადებს.
მან ასევე, გამოყო რიკს-ჯგუფები, სადაც ვაქცინა აუცილებლად უნდა გაკეთდეს და განმარტა, რა განსხვავებაა რამდენიმეკომპონენტიან ვაქცინებს შორის.
„სახელმწიფომ წელს ყველაზე დიდი რაოდენობით შეიძინა გრიპის ვაქცინა. ის პირველ ეტაპზე განკუთვნილია აღრიცხვაზე მყოფი რისკ-ჯგუფებისთვის, ესენი არიან: 65 წელს ზევით ადამიანები, მოხუცთა თავშესაფარში მყოფი პირები, ბავშვები დ მოზრდილები, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა ქრონიკული პათოლოგიები. ხანგრძლივ ციტოსტატიკურ თერაპიაზე მყოფი ბავშვები და მოზრდილები, ქიმიოთერაპიაზე მყოფი პაციენტები და რისკის ქვეშ მყოფი ორსულები.
ამ ადამიანებს ვაქცინა ყოველთვის უფასოდ უტარდებათ. სულ არის საუბარი იმაზე, რამდენკომპონენტიანი ვაქცინა უნდა გაკეთდეს. ორივე ვაქცინა მაღალხარისხიანია, ერთი კეთდება ოქტომბრის ბოლომდე, მეორე, მთელი გრიპის სეზონის განმავლობაში. ჩემი რჩევაა, თუ ბავშვი ჯანმრთელია, თუ არ ცხოვრობს ბებია-ბაბუასთან, სჯობს წელს ეს ვაქცინა არ გაკეთდეს და შევინახოთ რისკ-ჯგუფებისთვის.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველა ქვეყანაში ნებაყოფლობითია. თუ ადამიანს სურს აცრა, მას შეუძლია. ჩემი სურვილი იქნება, თუ ვაქცინაციას დაიწყებთ, უმჯობესია, მომდევნო 7-10 წელი ის გაკეთდეს ყოველწლიურად. ეს ვაქცინა იქმნება მათემატიკური ალგორითმით და იმუნიზაციის ექსპერტები თვლიან, რომელი ტიპის ვირუსმა შეიძლება იცირკულიროს და ამის მიხედვით ქმნიან მას“, – აცხადებს თემურ მიქელაძე „ტვ პირველის“ ეთერში.











