ქუთაისში, „ნამახვანის ჰესის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, მომდევნო საპროტესტო აქციას თბილისში გაიმართება.
„რასაკვირველია, ჩვენ დღეს ჯგუფებს შევადგენთ აქ, გადავინაცვლებთ ნამახვანში და თუკი ჩაირთვება ტრაქტორი, დავდგებით ყველანი იქ. მაგრამ, თუ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული, შევხვდებით თბილისში და მოთხოვნები იქნება გაცილებით უფრო მძიმე”, – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა.
მოსახლეობის პროტესტის საპასუხოდ, კომპანიაში პროექტის სიკეთეებზე, გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე, დასაქმებულთა რაოდენობასა და ინვესტიციის მოცულობაზე საუბრობენ.
მათი ინფორმაციით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგავატი ენერგიას გამოიმუშავებენ. ჰესის ამოქმედების შემდეგ, “ენკა” ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანისა და მშენებლობაზე 3 000-მდე ადამიანის დასაქმების პირობას დებს. კომპანიაში, საფრთხეებთან დაკავშირებით მოსახლეობის შიშებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია.
ავტორი:კესო მოლაშხია










