„თავდაპირველად, როდესაც ეს ვირუსი გავრცელდა, ცოდნა იყო მწირი და ბუნებრივია, მასთან ბრძოლაც არ ვიცოდით. გავიდა დრო, მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო დაწესებულებები სწავლობენ SARS-COV2-ს და ახლა მისი ბიოლოგიური აგებულება ვიცით.
სამყარომ მეტ-ნაკლებად მისი ბუნება შეისწავლა, პანდემიები უხსოვარი დროიდან არსებობს და ადამიანი სულ ებრძოდა მათ გადარჩენისათვის.
მესმის ადამიანების შიშის, მაგრამ მინდა ჩემი ქვეყნის მოქალაქეები დავამშვიდო და ვუთხრა, რომ ნუ გამოვიყენებთ ამ პანდემიას ტერორის იარაღად. “ – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა გადაცემა „რეაქციაში განაცხადა.
მისი თქმით, COVID-19 არ უნდა იქნას დაშინების იარაღად გამოყენებული.
„მართალია, არ არსებობს სამკურნალო – საწამლო საშუალება მის დასამარცხებლად, ვირუსი ცირკულირებს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მას ვებრძოლოთ სიმპტომური მკურნალობით, რაც ნიშნავს, რომ მედიცინას მასთან ბრძოლა შეუძლია.
მე ვამბობდი მარტში რომ ეს ვირუსი მკვლელია, მაგრამ მაშინ არ ვიცოდით რა გართულებებს იძლეოდა, როგორ დაგვებლოკა პათოგენეზური ჯაჭვი და ა.შ. მინდა მოსახლეობას ვუთხრა რომ თუ დავინფიცირდით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად განვითარდება პოლიორგანული უკმარისობა და გარდავიცვლებით.
ყველაზე მძიმე პაციენტები სწორედ ჩვენმა კლინიკამ გაატარა. სამწუხაროდ გვაქვს ლეტალური შედეგებიც, მინიმალური, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ სხვა დაავადებებიც კლავს ადამიანს. განვეწყოთ ისე, რომ ეს დაავადება არ არის მკვლელი და დადგება დრო, როდესაც ყველაფერი იქნება კარგად,”- განაცხადა ლევან რატიანმა.











