პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე ყარაბაღში აზერბაიჯან-სომხეთს შორის სამხედრო დაპირისპირებას ეხმაურება. არეშიძე კონფლიქტში თურქეთის ინტერესს ხედავს
„ძალიან მძიმე ვითარებაა ახლა, სროლები პრაქტიკულად, ყარაბაღის მთელ პერიმეტრზე გრძელდება. რთული სავარაუდოა ამ კონფლიქტის გაგრძელება როგორი იქნება, გააჩნია დაუშვებენ თუ არა რეგიონში, აქტიური მსხვილი მოთამაშეები ამ კონფლიქტის გაგრძელებას. თუ დაუშვებენ ეს ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდება, ესეიგი ვიღაცას სჭირდება ამ კონფლიქტის გააქტიურება, მაშინ ძალიან ცუდი მდგომარეობა შეიქმნება ჩვენი ქვეყნისთვის, ეკონომიკური , ჰუმანიტარული თუ სხვა თვალსაზრისით.
თუ ეს კონფლიქტიც ჩაცხრება, ისევე როგორც ივლისის კონფლიქტი, მაშინ რასაკვირველია განსაკუთრებული არაფერი მოხდება. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის მსხვილი მოთამაშეების წამოწყებული ავანტიურა, იმისთვის რომ თავისი პოლიტიკური სურვილები განახორციელოს სამხრეთ კავკასიაში. თურქეთის როლს ვხედავ და რუსეთთან დაკავშირებითაც შეიძლება იყოს ეჭვები.
საქართველოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს სამშვიდობო მოლაპარაკება თბილისში, როგორც სამშვიდობო პლატფორმა და საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან სერიოზულად დააყენოს ჰუმანიტარული კატასტროფის საკითხი, მეტს ვერაფერს გააკეთებს საქართველო, ძალიან შეზღუდული გვაქვს მანევრის საშუალება,“ – განაცხადა არეშიძემ „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბარში.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა – შედეგად არის მსხვერპლი.
როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით კი, მთიანი ყარაბაღის მიმართულებით შეტევა აზერბაიჯანის მხრიდანაა დაწყებული.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანული ვერტმფრენისა და უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდებას იუწყება.
შეგახსენებთ, რომ ბაქოს და ერევანს წლებია კონფლიქტი აქვთ აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გამო. სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზერბაიჯანის აღნიშნული რეგიონი, რომელიც ძირითადად სომხებით დასახლებულია ადრეული 1990-იანი წლების ომის შედეგად მოიპოვეს. ომს 30,000-მდე ადამიანი შეეწირა. კონფლიქტის გადაჭრის დიპლომატიურ მცდელობებს მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოჰყოლია.











