საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლა არაერთხელ დაუანონსებია. მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მმართველ პარტიასა თუ ოპოზიციაში კომენტარებიც ბევრჯერ გაკეთდა.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა ბოლოს 2 ოქტომბრის საღამოს დააანონსა. მან სოციალურ ქსელში ბილეთებიც გამოაქვეყნა. დღეს დილით მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა შემდეგი შინაარსით:
„დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.
ამ ფაქტს ეხმაურება „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე.
როგორც ხაზარაძე ამბობს, სააკაშვილის ამ მომენტში ჩამოსვლა „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმა იქნება.
„ვნახე გავრცელებული ვიდეო. თუ ეს ასეა, ეს არის დადასტურება იმისა, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს, არ გვყავს არანაირი სტრუქტურები, არც საზღვარი, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო, არც უსაფრთხოების სამსახური, რომელიც უსმენს სამღვდელოებას, თქვენ და მშვიდობიან მოქალაქეებს. თუ ეს ასეა, ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია.
მიუხედავად ამისა ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი არის ბრძენი და ხვალ ხმას მისცემს ცვლილებებს და ალტერნატივას, ალტერნატივა ვართ ჩვენ, „ლელო“ , – აღნიშნა ხაზარაძემ.











