კორონავირუსის ახალი შემთხვევების პრევენციის მიზნით თურქეთში 29 აპრილიდან ლოქდაუნი ამოქმედდება.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ლოქდაუნი ძალაში 17 მაისამდე იქნება.
ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებაზე მკაცრი შეზღუდვები იმოქმედებს. ასევე, საქალაქთაშორისი მიმოსვლის შემთხვევაში, მოსახლეობას ოფიციალური დოკუმენტის წარდგენა დასჭირდება, რათა დაასაბუთოს რომ მისი გამგზავრება აუცილებელია. სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ. დაიხურება არასაჭირო მაღაზიები.
ცნობისთვის, 2 კვირის წინ თურქეთში კომენდანტის საათი დაწესდა, რომელიც საღამოს 7 საათიდან დილის 5 საათამდე მოქმედებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში კორონავირუსის 4,667,281 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 38,711 ადამიანი.











