თურქეთში კორონავირუსის MU ვარიანტის 2 შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ამ დრომდე დომინანტი დელტა შტამია.
კოვიდის კოლუმბიური Mu შტამი – რა ვიცით
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) კორონავირუსის ახალ ე.წ. Mu მუტაციას სწავლობს.
კოვიდის Mu იგივე B.1.621 შტამი პირველად იანვარში, კოლუმბიაში აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ WHO-მ Mu ე.წ. „საყურადღებო ვარიანტების“ კატეგორიას უკვე მიაკუთვნა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალი შტამის შესწავლას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს. ისევე, როგორც ეს დელტა და ალფა ვარიანტების დროს მოხდა, რომლებმაც შესწავლის შემდეგ „შემაშფოთებული ვარიანტების“ სიაში გადაინაცვლეს.
WHO-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, Mu ვარიანტს ისეთი მუტაციები აქვს, რომელმაც ის, შესაძლოა, ვაქცინების მიმართ რეზისტენტული გახადოს. თუმცა, ამის დაზუსტებას ჯერ კიდევ ბევრი კვლევა სჭირდება.
ამ დროისთვის Mu ვარიანტის შემთხვევები სამხრეთ ამერიკასა და ევროპაშია გამოვლენილი.
აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსის ახალ Mu ვარიანტს დიდი სიფრთხილით აკვირდებიან.
„კორონავირუსის Mu ვარიანტს აქვს მუტაციები, რომლებმაც შესაძლოა, გარკვეული ანტისხეულების, მათ შორის ვაქცინებისგან შექმნილი ანტისხეულების დაცვას გვერდი აუარონ. თუმცა, საბოლოო დასკვნისთვის საჭირო საკმარისი კლინიკური მონაცემები ჯერჯერობით არ არსებობს“,- აცხადებს ფაუჩი.
კოვიდის კიდევ რომელ ვარიანტებს აკვირდება WHO
დღესდღეობით ჯანმოს ე.წ. „საყურადღებო ვარიანტების“ კატეგორიას ვირუსის შემდეგი შტამები მიეკუთნებიან:
- Eta – 2020 წლის დეკემბერში რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად აღმოაჩინეს;
- Iota – პირველად 2020 წლის ნოემბერში აშშ-ში აღმოაჩინეს;
- Kappa – 2020 წლის ოქტომბერი, ინდოეთი;
- Lambda – 2020 წლის დეკემბერი, პერუ;
- Mu – 2021 წლის იანვარი, კოლუმბია;
ე.წ. „შემაშფოთებულ ვარიანტებს“ ანუ ისეთ ვარიანტებს, რომელთაც პანდემიის გაუარესებს პოტენციალი აქვთ, კოვიდის შემდეგი შტამები მიეკუთვნება:
- Alpha – პირველად აღმოაჩინეს 2020 წლის სექტემბერში დიდ ბრიტანეთში;
- Beta – 2020 წლის მაისი, სამხრეთ აფრიკა;
- Gamma – 2020 წლის ნოემბერი, ბრაზილია;
- Delta – 2020 წლის ოქტომბერი, ინდოეთი;











