ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მოძრავ ყველა ავტომანქანის მძღოლს, კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ალკოტესტით ამოწმებენ.
ზომების გამკაცრება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, გარდაცვლილი მგზავრების რიცხვი გაიზარდა.
თუშეთში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, ლადო კახოიძის ინფორმაციით, შემთხვევების მიზეზი, უმთავრესად, მძღოლების ნასვამ მდგომარეობაში გადაადგილებაა.
„ათობით ადამიანი ავარიით იღუპება, მიზეზი კი მძღოლის ნასვამ მდგომარეობაში ყოფნაა. პოლიცის ინიციატივით შეირჩა სოფელი ომალო, რადგან მთიდან წამსვლელი და შემსვლელი მანქანები სწორედ ამ გზას გადიან. თუშეთში ტურისტული სეზონი გაიხსნა, რელიგიური დღესასწაულებიც იწყება, ამიტომ ეს ზომები ძალიან კარგია“,- განაცხადა კახოიძემ.
პოსტი, სადაც სამართალდამცველები 24 საათის განმვალობაში მორიგეობენ, სოფელ ომალოსთანაა მოწყობილი. თუშეთამდე მისასვლელი საავტომობილო გზა, მსოფლიოს სახიფათო გზების ათეულში შედის.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











