კანადელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სიმპტომი დაასახელეს – თვალის სიწითლე შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირებაზე მიანიშნებდეს.
ვირუსული კერატოკონიუნქტივიტის პირველი დარეგისტრირებული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია კანადის ოფთალმოლოგიური საზოგადოების ჟურნალში გამოქვეყნდა.
ექიმების ინფორმაციით, უცნობი სიმპტომი 29 წლის ჰოსპიტალიზებულ პაციენტს აღმოაჩნდა. ქალის მარჯვენა თვალი გაწითლებული იყო, აღენიშნებოდა მოთეთრო გამონადენი. 29 თებერვალს კანადაში დაბრუნებამდე ქალმა ერთი თვე ფილიპინებზე და ერთი დღე სან-ფრანცისკოში გაატარა. 1-ელ მარტს მას დაეწყო სურდო, ხველა და კონიუნქტივიტი. ცხელება პაციენტს არ ჰქონია, თუმცა მან აღიარა, რომ სიცხის დამწევ მედიკამენტებს სვამდა.
რამდენიმე დღის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუარესდა და პაციენტი ოფთალმოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანეს. თვალიდან აღებულ ნაცხში ექიმებმა SARS-CoV-2 აღმოაჩინეს.











