სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, შუშან სტეპანიანის განცხადებით, თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ძალებმა დილით აზერბაიჯანის სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
სომხეთის თავდაცვის უწყებაში კონფლიქტის ზონაში ვითარებას აფასებენ როგორც სტაბილურად დაძაბულს.
შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა 27 სექტემბრიდან დაიძაბა.
9 ოქტომბერს აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.
მათ შორის კიდევ ერთი სამშვიდობო შეთანხმება ძალაში 18 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე შევიდა.
თუმცა, ის კვლავ დაირღვა და აზერბაიჯანი და სომხეთი ამაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.











