როგორც მმართველი ძალის წარმომადგენელი, იმედს გამოვთქვამთ, რომ ნამდვილად შევძლებთ მოლაპარაკების შედეგიანად დასრულებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, შეთანხმებიდან გამომდინარე, ვერ ისაუბრებს მიმდინარე მოლაპარაკების დეტალებზე.
„მესმის სენსიტიურობა ამ საკითხის და ჟურნალისტების, გნებავთ, საზოგადოების ინტერესი. თუმცა, ნუ დავარქმევთ წითელ და მწვანე ხაზებს, დავარქვათ ის რომ ნებისმიერი შეთანხმება რაღაც კონკრეტულს უნდა ეფუძნებოდეს და ამოსავალი უნდა იყოს, ამიტომ შეთანხმება აბსოლუტურად ყველაფერზე და არაფერზე საერთოდ ბუნებაში არ არსებობს. ამოსავალი წერტილი ჩვენთვის არის არა კონკრეტულად მმართველი ძალის პარტიული ინტერესი, არამედ ჩვენ ამ შეთანხმებას ვუყურებთ როგორც სახელმწიფო ინტერესს. საქართველოს ხელისუფლებას აქვს უამრავი ხელშესახები პროგრესი დემოკრატიულობის, კანონიერების, სამართლიანობის, ქვეყნის უკეთესი მართვის მთელი ამ ხნის განმავლობაში, აქედან გამომდინარე „ქართულ ოცნებას“ მართლაც აქვს „სავსე ხელები“ და ბუნებრივია, მართლაც დამაჯერებელია ჩვენი პროგრესი და აქედან გამომდინარეობს ის, რომ ჩვენ ნამდვილად წელში გამართულები წარვდგებით ევროპაში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან,”- განაცხადა ღუდუშაურმა.









