“წერილის მთავარი შემოქმედი არის ადამიანი, რომელიც ცნობილია, როგორც ლობისტური საქმიანობით დაკავებული ფრონტერას მხრიდან და მას ოფიციალურად ფულს უხდიან”, – ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა კონგრესმენების წერილს. კუჭავას თქმით, ეს წერილი დაიწერა მანამ, სანამ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და პრემიერის სატელეფონო საუბარი შედგებოდა.
მისივე განცხადებით, იქ ნახსენები კონკრეტული ფაქტები “სიცრუეზე” მეტყველებს. მათ შორის, საუბარი განუხორციელებელ საარჩევნო რეფორმაზე.
„ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს რეფორმა ჩვენ განვახორციელეთ. შედგა შეთანხმება, იყო კონსენსუსი, მას ოპოზიციამ არ დაუჭირა მხარი და ქართული ოცნებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების ძალისმხევით, ჩვენ ეს მაინც მივიღეთ. მივიღეთ ასევე საარჩევნო რეფორმა, რომელიც ჩვენზე რეკომენდირებული იყო ეუთო/ოდირის მიერ და დღეს თავიდან წერს წერილს, რომ საარჩევნო რეფორმა არ არის განხორციელებული. რა თქმა უნდა, ეს ტყუილია”, – განაცხადა კუჭავამ რუსთავი 2-ის ეთერში.
მისივე თქმით, წერილში თავიდან ამის ხსენება, პირველ რიგში, სახელმწიფო მდივნის წინაშე ფაქტების დისკრედიტაციას ემსახურება.
„პირიქით, ჩვენ სახელმწიფო მდივნისგან მივიღეთ შექება განხორციელებულ რეფორმებზე და იქ მოლოდინებზე იყო საუბარი, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ძალიან დამოუკიდებელ, თავისუფალ გარემოში“, – განაცხადა კახა კუჭავამ.











