„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიცია აგრძელებს აქციებს, რათა ქვეყნის ავტოკრატიულ უფსკრულში გადაჩეხვა არ დაუშვან, ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
„თუკი, ადრე „ქართული ოცნება“ სიტყვით მაინც ამბობდა, რომ ქვეყნის ამოცანაა ევროპული მიმართულებით სვლა, ახლა უკვე სიტყვითაც პირდაპირ განაცხადა ანტიდასავლური მიმართულება და ამით საფრთხის ქვეშ დააყენა ჩვენი ხალხისა და ქვეყნის მონაპოვარი. ჩვენ ყველა ვალდებულები ვართ წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ ცვლილებას საგარეო კურსში და ამას ემსახურება ჩვენი არაძალადობრივი მშვიდობიანი მანიფესტაცია.
ჩვენ ამ წინააღმდეგობას გავაგრძელებთ, რომ არ დავუშვათ ქვეყნის ავტოკრატიულ უფსკრულში გადაჩეხვა, სადაც არანაირი მომავალი ჩვენი ქვეყნისა და თანამოქალაქეებისთვის აღარაა. ამიტომ, ყველას გელოდებით პარასკევს, 15:00 საათზე, სამ ლოკაციაზე მეტროსადგურებთან „ავლაბარი“, „ვაგზლის მოედანი“ და „უნივერსიტეტი“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.










