ცნობილია რამდენმა ადამიანმა გამოთქვა გერმანიასა და ისრაელში დროებით ლეგალურად დასაქმების სურვილი.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, გერმანიაში ლეგალურად დასაქმება 98 443 ადამიანს სურს, ხოლო ისრაელში დასაქმების სურვილი 1 427 პირმა გამოთქვა.
გერმანიის შემთხვევაში, დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს 5 000-მდე მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ.
ამასთან, საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებენ.
„ისრაელში ჩასული დასაქმებულები მიიღებენ ვიზას, რომელიც ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება და რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მაქსიმუმ 63 თვემდე. სამუშაო ადგილების კვოტაც განსაზღვრულია – იგეგმება 1000 საქართველოს მოქალაქის დასაქმება წლის ბოლომდე.
აღსანიშნავია, რომ დროებითი ლეგალური დასაქმების რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.











