სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. განადაგურებულია ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ზედელაშვილების ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე, სამი სახანძრო- სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. ჯერჯერობით, უცნობია, რა გახდა ხანძრის წარმოშობის მიზეზი.
ადგილზე ექსპერტები მუშაობდნენ, რომლებმაც გამოძიებას შესაბამისი დასკვნა უნდა წარუდგინონ.
ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს, სიღნაღის მუნიციპალიტეტია მერია, ფინანსურად დაეხმარება. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, მადონა ბატიაშვილის განმარტებით, მერია დაზარალებულ ოჯახს, 5000 ლარით დაეხმარება.
„ფაქტიურად, სრულად გაუნადგურდათ ყველაფერი. თვითონ ოჯახს ჩვენთვის არ მოუმართავს, ჩვენ დავვინტერესდით, რადგან რთულ მდგომარეობაში ჩაცვივდნენ. ამიტომ, რასაც ასეთი შემთხვევებისათვის, ჩვენი ბიუჯეტი ითვალისწინებს, იმ თანხას სრულად მიიღებენ. ამ ეტაპზე ნათესავთან არიან და იმედი მაქვს, მალე საკუთარ ჭერს დაუბრუნდებიან“, – განაცხადა ბატიაშვილმა.
ზედელაშვილების ოჯახში, რომლებსაც ხანძარმა საცხოვრებელი სახლი სრულად გაუნადგურა, ხუთი წევრი ცხოვრობს
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი










