ქობულეთის რაიონის მოსახლეობა, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ უმუშევრობაზე და სასმელი წყლის პრობლემებზე საუბრობს.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა, სოფელ ცეცხლაურში ადგილობრივებს შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
პარტიის ლიდერთან საუბარში მოსახლეობამ აღნიშნა, რომ პანდემიით დაზარალებულებს ხელისუფლებისგან დაპირებული დახმარება ჯერ კიდევ არ მიუღიათ.
გიგი უგულავამ ადგილობრივებთან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა რეგიონი მზად არის ცვლილებებისთვის.
გულავას განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რო, ცვლილებების დრო დადგა და ხალხის დიდ ტალღას წინ არ უნდა აღუდგეს.
„სამწუხაროდ, სიღარიბის სუსხი, რაც განსაკუთრებით ამ პანდემიის შემდეგ იგრძნობა, ყველაზე მეტად იგრძნობა სოფლებში და ყველაზე მეტად იგრძნობა განსაკუთრებით იმ რეგიონებში, რომელიც ტურიზმზე იყო დამოკიდებული და მთლიანად ამ ინდუსტრიაში იყო ჩაბმული. ის დახმარება, რომელიც ჯერ კიდევ არავის მიუღია, რომელსაც მთავრობა ჰპირდება, აბსოლუტურად არაადეკვატურია და ყველას კარგად ესმის, რომ თუ არ გაიხსნა ქვეყანა, მანამდე, უბრალოდ ეკონომიკის ამოტრიალების არანაირი ნიშან-წყალი არ არის და ასევე ყველას კარგად ესმის, რომ ცვლილებების გარეშე ვერ გაჩნდება ქვეყანაში ოპტიმიზმი და ოპტიმიზმის გარეშე, ეკონომიკა მკვდარი წერტილიდან ვერ დაიძრება.
ამიტომ, ცვლილებებისთვის მომწიფებულია საქართველოს სოფლები, ცვლიელებებისთვის მომწიფებულია ასევე საქართველოს ქალაქები და ეს ცვლილებები აუცილებლად დადგება ოქტომბერში. სხვანაირად, თუ გაგრძელდა ივანიშვილის ხელისუფლების შენარჩუნება, ან ივანიშვილის ხელისუფლების ჯაყჯაყი, ეს ეკონომიკას საერთოდ მოსპობს და მართლა შიმშილის ზღვარზე მიიყვანს ქვეყანას. ამას ჩვენი მოქალაქეები თვითონ არ დაუშვებენ იმიტომ, რომ ყველას კარგად ესმის, რომ კრიტიკულ მომენტში, ძალაუფლება სწორედ ეკუთვნის ხალხს. ხალხმა საბოლოო ჯამში, 2003 წლიდან მოყოლებული, საკვანძო მომენტში, სწორი გადაწყვეტილება მიიღო და დარწმუნებული ვარ ასეთი გადაწყვეტილებაც იქნება. ცვლილებების დრო არის, ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს რომ ამ დიდ ტალღას წინ არ უნდა აღუდგეს, თორემ თუ წინ დაუდგება, შესაბამისად მოხდება ის, რაც მერე უკვე თავის თავს უნდა დააბრალოს, – განაცხადა გიგი უგულავამ.











