პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნა“ ცესკოს უპირისპირდება – „ტრიბუნა“ ცესკოს უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი გაერთიანების წევრებს არჩევნებში მონაწილეობის მიღება უკანონოდ შეეზღუდათ.
როგორ მოძრაობის დამფუძნებელმა დავით ჭიჭინაძემ „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ისინი უკანონობას არ შეეგუებიან.
„ჩვენი პარტიის წევრებს ეუბნებიან, რომ ნასამართლევი ხართ, ამ დროს ადამიანები აბსოლუტურად გაუგებრობაში არიან, ვინ გაასამართლა ასე დაუსწრებლად და გაუგებრად. ადამიანი სასამართლოში არ გყავდეს მიყვანილი და განაჩენი არ გქონდეს გამოტანილი, როგორ შეიძლება, ნასამართლევი იყო.
თან, ეს ყველაფერი საეჭვოდ ემთხვევა იმ ადამიანებს, რომლებიც რეალურად, საკმაოდ მაღალი შედეგის მომტანი არიან იმ რეგიონებში, სადაც ისინი არიან წარმოდგენილები. არავის აქვს უფლება კონსტიტუციური უფლება ადამიანს ჩამოართვას. თუ ვიღაცა კონსტიტუციას არღვევს, შესაბამისი პასუხიც იქნება გაცემული. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა გავაუქმოთ. უკანონობას არ შევურიგდებით“,- განაცხადა ჭიჭინაძემ.
ინფორმაციისთვის, პოლიტიკური მოძრაობა ტრიბუნას“ ინფორმაციით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება გელა კვარაცხელიას, გარნიკ სიმონიანს, ვაჟა ჟვანიასა და ბორი მიქელაძეს ნასამართლეობის გამო არ მისცეს, რაც პარტიის წევრების განცხადებით, არაობიექტური მიზეზია.











