თუ შემოთავაზებულ დოკუმენტში არ იქნება საუბარი რაიმე დათქმით რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობაზე, ოპოზიციური პარტიების მხრიდან ნებისმიერ სხვა პირობებზე დათანხმება მართლმსაჯულების, ან საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით იქნება პოლიტიკური შეცდომა, – ამის შესახებ ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი აცხადებს.
„ამით მხოლოდ დამატებით ლეგიტიმაციას აძლევენ ხელისუფლების მკვდრადშობილ „კეთილ ნებას“ რეფორმებთან დაკავშირებით და სასაცილო მდგომარეობაში იყენებენ თავს. ამიტომ, უკეთესია, მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება პარლამენტში უპირობო შესვლაზე, შემდეგი ფორმულირებით –
„არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, მაგრამ ვითვალისწინებთ დეფაქტო მდგომარეობას, მაღალ სახელმწიფოებრივ რისკებს, ჩვენი დასავლელი მეგობრების თხოვნას, რათა მივაღწიოთ რეალურ და არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ ფსევდო რეფორმებს. ჩვენს მთავარ ამოცანად რჩება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. ეს გეგმა ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მელია და სხვები იქნებიან გათავისუფლებული“, – წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დღეს კრისტიან დანიელსონი საბოლოო დოკუმენტს დადებს მოლაპარაკების მაგიდაზე, სადაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას გაერთიანებულ ფორმატში შეხვდება.










