უკრაინის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს დღეს იწყებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი განმარტავს, რა საკითხები განიხილება ქვეყანაში უკრაინის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში. ზალკალიანის თქმით, პრემიერის ვიზიტი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დასტურია.
„პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს, რა თქმა უნდა, ძირითადი აქცენტები გაკეთდება იმ საერთო გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს ჩვენც და უკრაინასაც. საუბარი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე, ასევე რეგიონული უსაფრთხოების თემატიკაზე. ვისაუბრებთ ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე, ტურიზმის განვითარებაზე.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ორ ქვეყანას შორის სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური კომისიის მუშაობის აღდგენა, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდგომ იყო დაპაუზებული. დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტის შედეგად სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური კომისიის მუშაობა კიდევ უფრო მეტი ეფექტურობით შეუდგება მომავალი საქმიანობის განხორციელებას.
დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრები, ასევე საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამოიღებს მნიშვნელოვან, კონკრეტულ შედეგებს“,- განაცხადა ზალკალიანმა.











