„ახლა უნდა, რომ როგორც პასუხისმგებელი პირი, არსად იყოს გაჟღერებული მისი გვარი მედიაში. ამიტომ ცდილობს გავიდეს კულუარებში, მისი გვარი არავინ ახსენოს, მაგრამ ქვეყანა მართოს“,- ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას.
როგორც გოგიჩაიშვილი ამბობს, თუ მმართველი გუნდი არ დაიშალა, ეს იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა.
„ის რეალურად არსად წასულა. ახლა მთავარია ის, სად ექნება ძალაუფლების ცენტრი. პარლამენტი არის ძალაუფლების ცენტრი?! მთავრობა? სასამართლო? პროკურატურა? არა რა თქმა უნდა. შესაბამისად ისეა ეს მოზაიკა დალაგებული, რომ ყველა ადამიანი არის მასთან ანგარიშვალდებული. ეს ხომ არ არის სისტემა, სადაც საკონსტიტუციო წესებით ხდება ინსტიტუციებს შორის თანაარსებობა. ქვეყანა იმართება დადგენილი კონსტიტუციური წესებით. ეს წესები ივანიშვილმა შეცვალა ბოლო 3 წლის განმავლობაში, შესაბამისად ვფიქრობ, რომ ის გაურბის მედიაში მისი გვარის ხშირად ხსენებას. მას ახლა უნდა კომფორტული სივრცე. წინა წასვლასა და ამ წასვლას შორის არის განსხვავება კომფორტში. მაშინ არ იყო კომფორტულად, ახლა პირიქით. ბიძინა ივანიშვილის მემკვიდრეობა არის მძიმე. მან დატოვა ვერტიკალში მყოფი დამორჩილებული სასამართლო, კორუმპირებული პროკურატურა, მასობრივი კორუმპირებული ქვეყანა, უპერსპექტივობა, სიღარიბე. შესაბამისად, ასე ადგე და წახვიდე, არ გამოვა. მან თავისი მისია ვერ შეასრულა. მისი ვნებები არის ძალა უფლება და ხელისუფლება. თუ პროცესები განვითარდება, ის ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას. გამორიცხულია, რომ არ დაიაშალოს უმრავლესობა. ამათ ერთმანეთი არ უყვართ, ეს გუნდი არაა, ეს არის ანგარებით შეკრული გუნდი. გამორიცხულია, ამ სისტემამ იარსებოს ივანიშვილის გარეშე. თუ უმრავლესობა არ დაიშალა, ეს იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი არსად წასულა და განაგრძობს კულუარებიდან მოქმედებას“,- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
„ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია!“ – ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკას საბოლოოდ ტოვებს











