„ვთანხმდებით, რომ საქართველოს ამერიკის გარეშე ძალიან გაუჭირდება ამ გამოწვევებთან გამკვლავება. ჩვენი პარტნიორის მხრიდან არის სრული მზაობა“,- ამის შე3სახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც დავით ზალკალიანი ამბობს, მომავალში ამერიკის მეტ ჩართულობას უნდა ველოდოთ რეგიონში და ზოგადად საქართველოსთან მიმართებაში.
„ძალიან შინაარსიანი და საგნობრივი საუბარი იყო ამერიკა-საქართვლეოს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებაზე.
პრემიერმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აუცილებელია ამერიკის ჩართულობა კიდევ უფრო გაიზარდოს საქართველოში ყველა მიმართულებით. ეს შეხვედრა ჩვენ ხელშესახებ შედეგებს მოგვიტანს.
კიდევ ერთხელ დაფიქსირდა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. დეტალური საუბარი იყო იმ სერიოზულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს წინაშეა რეგიონში.
ჩვენ დღეს დავინახეთ ეს მზაობა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორისგან. ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენ მომავალში უნდა ველოდოთ ამერიკის მეტ ჩართულობას რეგიონთან და საქართველოსთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო არის რეგიონში აშშ-ის ყველაზე ახლო მოკავშირე და დასაყრდენი“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.











