ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, გრძელვადიან უცხოელ ვიზიტორებს საქართველოდან შეეძლებათ დისტანციურ რეჟიმში მუშაობა.
როგორც თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ საკითხზე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან დიდი ინტერესია.
„სულ რამდენიმე დღეში უკვე სრულფასოვანი პრეზენტაცია გვექნება. ეს არის ახალი პლატფორმა, რომლის საშუალებითაც გრძელვადიანი ვიზიტორები, უცხოელები, ვისაც აქვს სურვილი, რომ დისტანციურად იმუშაონ საქართველოდან, ასევე შეძლებენ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლას და დიდი ინტერესია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციიდან და მათ დასაქმებულთაგან, ვინც მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. სწორედ, საქართველო იყოს ის ადგილი, საიდანაც ისინი შეძლებენ თავიანთ კორპორაციებში მუშაობას, მაგრამ იცხოვრებენ ჩვენთან“, – განაცხადა ნათია თურნავამ.











