თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ადვოკატი, გიორგი გელხაური აცხადებს, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ კეზერაშვილს 2007-2008 წლებში ე.წ. წვრთნების საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მისივე თქმით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებს.
„სამი წლის მერე ამ საქმის ჩამოღება, მსჯელობა და განაჩენის შეცვლა, სადაც პირველმა და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა იმსჯელეს და დავით კეზერაშვილი უდანაშაულოდ მიიჩნიეს, არაფერს ემსახურება, გარდა იმისა, რომ არის მისი დასჯა წინასაარჩევნოდ, თუნდაც ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო პოლიტიკოს გამო; ეს არაერთხელ განაცხადეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა, სადაც მუქარაც გააჟღერა, ასევე მხარედ მოიხსენიებდა დავით კეზერაშვილს. ზუსტად ამას ემსახურება დღევანდელი განხილვა, სადაც შეცვალეს წინა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფების მომზადებას, ეს იყო 2007-2008 წლებში. სახელმწიფო ბრალდება ედავება კეზერაშვილს, თითქოს ეს წვრთნები არ ჩატარებულა. მხარეების მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა იმსჯელეს. ისინი დარწმუნდნენ, რომ ეს წვრთნები ნამდვილად ჩატარდა და თანხა, რომელიც გადარიცხული იყო წვრთნების მიერ ჩამტარებელ კომპანიაზე, იყო მიზნობრივი, არანაირ გაფლანგვას ადგილი არ ქონია.
სამწუხაროდ, დღეს შალვა თადუმაძემ აღნიშნული მიიჩნია უკანონოდ, შეცვალა ეს განაჩენი და მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების ინტერესი“, – განაცხადა გიორგი გელხაურმა.










