შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არასრულწვოვნებზე სექსუალური ძალადობის ფაქტებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ შემთხვევებზე პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება.
„რაც შეეხება 13 წლის ბავშვის თემას, ძალიან ბევრი შეკითხვა წამოვიდა, ეს რა თქმა უნდა, უმძიმესი თემაა. ქალბატონმა თეამაც ბრძანა, მეც შევუერთდები, ეს არ არის მარტო შსს-ს თემა. რატომღაც ყველა იძახის, სად იყო პოლიცია. რა მოხდა?
მე რა თქმა უნდა, თემას თავს არ ვარიდებ. განათლება იქნება თუ სხვა სამინისტრო, ყველას ბრალია, თქვენი ბრალიცაა, ჩემი ბრალიც, საზოგადოების, ყველას ბრალია. რომ არა საავადმყოფოდან შემოსული ინფორმაცია, ვერც გავიგებდით, რაც მოხდა, აღარ მინდა, დეტალებში შევიდე.
ისე გავიდა ეს თვეები, საერთოდ არავის არაფერი უთქვამს, ან მეზობელი არ ხედავს? მარტო შსს-ს პრობლემა არ არის, არამედ საზოგადოების პრობლემაა. იგივე იყო 14 წლის ბავშვი ქობულეთში. მოიყვანეს ბიძებმა, დაიკითხა, არანაირი ძალადობა არ დაუფიქსირებია, სოციალურ მუშაკთან ერთად დაიკითხა, როგორც წესია. გავიდა და მოხდა ეს. ბაბუა დავაკავეთ, გამოძიება კიდევ მიმდინარეობს. თუ ვინმე გამოიკვეთება, დავაკავებთ. ეს სერიოზული პრობლემაა.
ძალიან მძიმე, რთული თემაა ეს. რა თქმა უნდა, ვეცდებით, მეტი გავაკეთოთ. მესმის, არ ვარიდებ თავს პასუხისმგებლობას. ძალიან მძიმეა, მეც მყავს შვილები, ყველას გვყავს შვილები, ურთულესი და უმძიმესი თემაა, მაგრამ ვფიქრობ, საზოგადოებაც უნდა ჩაერთოს”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შეგახსენებთ, გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 12 წლის გოგოზე კაცმა სექსუალურად იძალადა, რის შედეგადაც მოზარდი დაორსულდა და იმშობიარა. საქმეზე ერთი პირია დაკავებული.











