შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ძებნილი პირის, ბადრი ესებუას დასაკავებლად ყველაფერი კეთდება და მას პოლიცია აუცილებლად დააკავებს.
„ბადრი ესებუას თემაზე აქტიურად ვმუშაობთ. ამ ლოგიკით, რომ მიდიხართ, რომ მე სამ თვეში ესებუა ვერ დავიჭირე, ანუ ჩავარდა, 20 წელი არ არსებობდა პოლიცია საქართველოში? ეს არაა სწორი. მე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე შეკითხვები, იგივე ჟურნალისტების მხრიდან, რომ რას ვაკეთებთ. საქართველოში ჩვენ გვყავს 20 წლის ძებნილები, დღესაც, რომლებიც საქართველოში არიან და ქვეყანა არ დაუტოვებიათ. გვყავს 16 წლის ძებნილი. გვყავს, რომელმაც 2006 წელს ჩაიდინა დანაშაული მკვლელობაზე და დღესაც არ არის დაკავებული. ისე, ნუ უკვირს ხოლმე ოპოზიციას, რა ხდება, რა ვერ დააკავეთ ერთ თვეში და ორ თვეში. ეს ჩვეულებრივი თემაა, სად წავა, დღეს არა, ხვალ დავაკავებთ, მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დავაკავოთ.
პირველ რიგში, ჩვენთვის ღირსების საკითხია და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დავაკავოთ და მე ვფიქრობ, აუცილებლად დავაკავებთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.











