მე და გახარია უახლოესი მეგობრები ვართ, ძალიან ბევრი ჭორი იყო და მინდა ვთქვა, რომ ჩვენს შორის არანაირი დაპირისპირება არ არის, – ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ დიდი ხანია ოჯახებით ვმეგობრობთ, ჩემი და მისი კადრები არ არსებობს, იქედან გამომდინარე, 8 წელია აქ ვართ და აქ არის ძველი კადრი. ჯერ ის გაარკვიეთ, ვინ ვისი კადრია და მერე ილაპარაკეთ“, განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მინისტრის მოადგილეები იცვლებიან.
„ყველა მოადგილე ადგილზე რჩება, იყო ჭორები, თითქოს მოადგილეებს ვხსნი, მაგრამ ეს თემა არც განიხილება. ყველა ადგილზე რჩება. არის ჩვეულებრივი წესი, რომ 2-3 წელში უნდა შეიცვალოს ხელმძღვანელი, თუ რამე განსაკუთრებული რაიონი არ არის, ამ შემთხვევაში შეიძლება 4-5 წელი დავტოვოთ“, – აცხადებს შს მინისტრი.











