ალექსანდრე გოგინავას განმარტებით, კოვიდვაქცინა საქართველოში, შესაძლოა, 2021 წლის გაზაფხულზე რისკის ჯგუფის მქონე ადამიანებისთვის შემოვიდეს,- ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„ვაქცინასთან დაკავშირებით მსოფლიოში სასიხარულო ამბებია, 99 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ მსოფლიოს ექნება ეფექტური ვაქცინა. ჩანს, რომ ეს ვაქცინა არ იქნება ერთი და შეიძლება რამდენიმე ვაქცინა გამოჩნდეს, რომელსაც შეიძლება სხვადასხვა მოქმედების მექანიზმი ჰქონდეს.
საქართველოში, როგორც სპეციალისტები ამბობენ, დიდი ალბათობით ვაქცინა მოსახლეობისთვის გაზაფხულის დასაწყისში უნდა იყოს ხელმისაწვდომი. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეს რისკ-ჯგუფის ადამიანებს და მათ, ვისაც ახლო კონტაქტი აქვთ კორონავირუსულ ინფექციასთან და მეტი რისკი, რომ დაინფიცირდნენ.
ზოგადად ყველა ვაქცინაცია ასე ტარდება, გადამდები ინფექციის დროს ვაქცინაცია პირველ რიგში უტარდებათ იმ ადამიანებს, ვისაც აქვს მაღალი რისკი, რომ დაინფიცირდნენ. საქართველოშიც, სავარაუდოდ, ამ მიმართულებით დაიწყება ადამიანების ვაქცინაცია“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.











