ფლორიდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსის ვაქცინით აცრილი დედების რძე ანტისხეულებს შეიცავს, რომლებმაც, შესაძლოა, ბუნებრივ კვებაზე მყოფი ჩვილები ინფექციისგან დაიცვას.
ინფორმაციას ამის შესახებ Independent-ი ავრცელებს.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ვაქცინაციამდე და ვაქცინაციის შემდეგ ჯანდაცვის სექტორში მომუშავე 21 მეძუძური დედის რძე გამოიკვლიეს. კვლევა 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის მარტამდე მიმდინარეობდა.
კვლევის შედეგად მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ აცრამდელ მაჩვენებელთან შედარებით, ვაქცინის მეორე დოზის მიღების შემდეგ დედების რძეში იმუნოგლობულინ A-ს ანტისხეულების რაოდენობა 100-ჯერ უფრო მეტი იყო.
ცნობისთვის, იმუნოგლობულინ A-ს ანტისხეულები იმუნური სისტემის ფუნქციონირებასა და ინფექციებთან ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ იმ მონაწილეების რძეში, რომლებიც Pfizer-ის ვაქცინით იყვნენ აცრილები, ანტისხეულების რაოდენობა უფრო მეტი იყო ვიდრე იმათ რძეში, რომლებსაც Moderna-ს ვაქცინა ჰქონდათ გაკეთებული. თუმცა, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ამ აღმოჩენის დასადასტურებლად დამატებითი გამოკვლევებია საჭირო.