სიტუაციას ვაკონტროლებთ, ყოველდღიურად ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს, მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს, – ამის შესახებ კახა კალაძემ ვაშლიჯვარში ნაპრალზე საუბრისას განაცხადა.
„კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ამ მედიასაშუალებებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან. პირველი, რაზეც იყო საუბარი, იყო ის, რომ თითქოს დედაქალაქის მერიამ დამალა ეს პრობლემა ან პირიქით, არც იცოდა ამის შესახებ. ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემაზე, რომელიც რამდენიმე ათწლეულია არსებობს დედაქალაქში. რა თქმა უნდა, ჩვენც ვიცოდით ამ პრობლემის შესახებ. მეტიც, ეს ყველაფერი ჩვენ ოფიციალურ ვებგვერდზე ატვირთული იყო და ნებისმიერ ადამიანს ჰქონდა შესაძლებლობა ენახა ინფორმაცია ყველა იმ პრობლემურ ადგილთან დაკავშირებით, რომელიც, სამწუხაროდ, გვაქვს დედაქალაქში“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ადგილზე ვითარებას სწავლობს. მერმა აღნიშნა, რომ ჯგუფთან ერთად მუშაობას სხვა ექსპერტებიც შეძლებენ, რომლებიც დედაქალაქში მეწყრულ ადგილებს სწავლობენ.
„მინდა ჩემს მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დავავალო, რომ ეს ადამიანები ჩავრთოთ ამ სამუშაო ჯგუფში. ისინი ცუდს არაფერს გააკეთებენ, პირიქით, უფრო საინტერესო ინფორმაციას მოგვაწვდიან, რათა ერთობლივი ძალებით მოვაწესრიგოთ და რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ არსებული პრობლემა“, – განაცხადა კალაძემ.