საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე პირველ კომენტარს აკეთებს.
პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ბელარუსში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიულად დასრულდება და არ დააზიანებს მომავალს.
„საქართველო პატივს სცემს ევროპულ ღირებულებებს და ერთგულია დემოკრატიული პრინციპებისა, რომლებსაც ეფუძნება ჩვენი ორი მეგობარი სახელმწიფოს განვითარება, წინსვლა და ევროპულ ოჯახში დაბრუნება.
ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე პროცესი დასრულდება ისე, რომ ბელორუსის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს არ დააზიანებს და არც შეაფერხებს. ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას. გვჯერა, რომ ბელარუსი და მისი ხალხი შეძლებს საკუთარი მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.
მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო.
დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.
ლუკაშენკოს გადადგომასა და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვას უკვე მერვე დღეა ითხოვენ.











