ვერ გეტყვით, რომ წყლის ჭავლი ვირუსს აქეთ-იქით გადაიტანს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ საინფორმაციო სააგენტო “პრაიმტაიმნიუსს” განუცხადა.
“რაც შეეხება წყლის ჭავლს, რომ გითხრათ, რომ ის ვირუსს გადაიტანს აქეთ-იქით, არ ვიცი, ვერ გეტყვით. ალბათ, არ უნდა მივიყვანოთ წყლის ჭავლის გამოყენებამდე საქმე”, – ასე უპასუხა მარინა ენდელაძემ “პრაიმტაიმნიუსს” კითხვას – დაამძიმებს თუ არა არსებულ ეპიდვითარებას სამართალდამცავების მიერ, აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლის გამოყენება.
ამასთან, მარინა ენდელაძის თქმით, ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის მსვლელობისას რეგულაციები დაცული არ იყო, რაც სავარაუდოდ, ქვეყანაში ეპიდვითარებას კიდევ უფრო გააუარესებს.
“ეს მიტინგები ეპიდსიტუაციაზე აუცილებლად ცუდად აისახება. უკვე მრჩება შთაბეჭდილება, რომ თავიანთ მოსახლეობას აღარ უფრთხილდებიან. გუშინ ვიღაცისგან გავიგონე, კორონა არ გვადარდებსო. თუ ხალხი ადარდებთ, კორონა უფრო მეტად უნდა ადარდებდეთ, რადგან ხედავენ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ინფექცია. ყველა ხვდება, რა ინფექციასთან გვაქვს საქმე და მგონია, რომ საკუთარი ინტერსების შესაბამისად ქმნიან რთულ ეპიდსიტუაციას”, – აცხადებს მარინა ენდელაძე.











