თურქეთის სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ვერასდროს იქნებოდა შეთანხმება ოკუპირებული ტერიტორიებისთვის ფინანსური სერვისების მიწოდებაზე, – ასე გამოეხმაურა თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფატმა სერენ იაზგანი მედიაში გავრცელებულ ინფრმაციას ე.წ აფხაზური საბანკო პლასტიკური ბარათების, “აპრას” თურქულ ბანკებში მომსახურების შესახებ.
“დღეს, ჩემს კოლეგებთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად განვიხილე ეს საკითხი. თავიდან ეს არ წარმოადგენდა პრობლემას, როგორც ეს წარმოაჩინა პრესამ. თურქეთის მთავრობა, თურქეთის სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ვერასდროს იქნებოდა შეთანხმება ოკუპირებული ტერიტორიებისთვის ფინანსური სერვისების მიწოდებაზე. ეს იყო ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია მცდარ, დაუდასტურებელ ინფორმაციას აურზაურის გამოწვევა.
ასეთი შემთხვევების პრევენციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის არიდების მიზნით, ჩვენ შევთანხმდით საქართველოს მთავრობასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე. რაც შეეხება საბანკო ბარათებს და ფინანსურ სერვისებს, ეს საკითხი კვლავ დღის წესრიგშია და მოიცავს რუსული ბარათების გარკვეულ ჯგუფს, რომელიც სთავაზობს სერვისებს თავის მომხმარებლებს თურქეთში. მათ შესაძლებელია ჰქონდეთ შეთანხმება სხვა, სოხუმში მდებარე ფინანსურ ორგანიზაციასთან, რომელსაც არ შეუძლია თურქეთში ოპერირება. შესაბამისად, ყველაფერი ნათელია,” – აცხადებს თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფატმა სერენ იაზგანი.











