ოპოზიციის წარმომადგენელი გუბაზ სანიკიძე აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოქვეყნებულ კანონპროექტს, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი, სანქციების დაწესების წინაპირობად აფასებს.
როგორც სანიკიძემ „პრაიმტაიმთან“ განაცხადა, წინასაარჩევნოდ ამ კანონპროექტის ინიცირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
„ეს არის სანქციების დაწყების პირველი სერია ხელისუფლებისთვის. უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ ეს კანონპროექტი წინასაარჩევნოდ დარეგისტრირდა. ეს უკვე სანქციების დაწესების წინაპირობა. ეს აღარ არის თხოვნები, ეს არის მუქარის შემცველი გზავნილი“,- განაცხადა სანიკიძემ.
სანიკიძე სააგენტოსთან არჩევნებში მონაწილეობის საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არ აქვს გადაწყვეტილი, ჩაერთვება თუ არა საპარლამენტო არჩევნების ორთაბრძოლაში.
„მე ვიბრძოლებ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს არჩევნებით იქნება თუ არჩევნების მიღმა, არ ვიცი. მივიღებ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, არ მაქვს გადაწყვეტილი. ერთადერთი რაც მაქვს გადაწყვეტილი – ვიბრძოლო ამ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნას მოვაშორო“, – განაცხადა სანიკიძემ.
ინფორმაციისთვის, კანონპროექტი, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გუშინ გამოაქვეყნა.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











