„მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ ითანამშრომლონ, მოუსმინონ ერთმანეთს“ – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
პატრიარქმა ხმის მისაცემად გადასატანი ყუთით ისარგებლა.
„მივმართავ სრულიად საქართველოს, რომ ყველა მივიდეს არჩევნებზე. იმედია, რომ ეს არჩევნები სიკეთეს მოიტანს. მე მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ ითანამშრომლონ, მოუსმინონ ერთმანეთს, ვისწავლოთ მოსმენის კულტურა. მე იმედით ვუყურებ მომავალს, ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო”, – განაცხადა ილია ll-მ.
ხმის მიცემის კადრებს საპატრიარქოს ტელევიზია ავრცელებს.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე
იხილეთ კადრები











