„ჩვენ ვენდობით ჩვენს მოქალაქეებს, გვჯერა ჩვენი მხარდამჭერების და დარწმუნებული ვართ, რომ „ქართული ოცნება“ 31 ოქტომბერს დამაჯერებლად გაიმარჯვებს“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „IPSOS”-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც იგი ამბობს, უკვე არსებობს არაერთი ავტორიტეტული კვლევა სადაც პირდაპირ ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს 56 %-ზე მაღალი ნდობა, რაც სრულიად საკმარისია საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის ჩამოყალიბებისთვის.
„ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით განხორციელებული კვლევებით თუ მათი ტელევიზიების ინტერპრეტაციები სხვადასხვა კვლევაზე, ეს ისეთივე სიმართლეა, როგორ დეზინფორმაციასაც ეს წყაროები ამ წლების განმავლობაში გვაწვდიდნენ. რამდენიმე კვლევა მინდა გაგახსენოთ, რომელიც 2012 წელსაც, 2016 წელსაც საზოგადოებას ეუბნებოდა ერთს, გარკვეულ პროცენტს და მერე, არჩევნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ 20-25 %-იანი განსხვავებები იყო ამ პროგნოზებში. ასე რომ, ვისაც არ შეუძლია ობიექტური კვლევების ჩატარება, ან მისი წაკითხვა, ვურჩევ იმ ადამიანებს, რომ დაელოდონ არჩევნებს და ნახავენ რეალურად, ვის რამდენი მხარდაჭერა აქვს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.











