ვლადიმერ პოზნერმა, რომლის ჩამოსვლამაც საქართველოში ხმაური და უკმაყოფილება გამოიწვია, თბილისი რამდენიმე წუთის წინ დატოვა. რუსმა ჟურნალისტმა და კრემლის პროპაგანდისტმა ქვეყანაში დარჩენა პროტესტის გამო 24 საათიც ვერ შეძლო და თბილისიდან, სადაც დაბადების დღის მასშტაბურად აღნიშვნას აპირებდა – გამთენიისას, ჩარტერული რეისით გაფრინდა.
პოზნერის წასვლას აეროპორტში თვალს ადევნებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები. ისინი მოსკოვიდან თბილისში გუშინ ჩამოსული სტუმრების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
ხმაურიანი პროტესტის გამო რუსი ჟურნალისტისა და რამდენიმე ათეული პირის გამოყვანა სასტუმრო “რუმს ჰოტელიდან” სამართალდამცველების კორდონის დახმარებით მოხდა. შეკრებილებმა ავტობუსს კვერცხები დაუშინეს.
სტუმრების ტრანსპორტირება აეროპორტში მათივე უსაფრთხოებისთვის პოლიციის თანხლებით განხორციელდა.











