ვფიქრობ, საქართველოში ვაქცინა ერთ თვეში შემოვა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ყველაზე მეტი ალბათობაა „ასტრაზენეკასა“ და ჩინური ვაქცინის შემოტანის. მისი თქმით, ორივე ვაქცინა ეფექტურია.
„მათ, „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინებთან შედარებით, აქვთ ის სერიოზული უპირატესობა, რომ არ საჭიროებენ შენახვას სპეციალური რეჟიმით. ეს ვაქცინები ჩვეულებრივ ტემპერატურაზე ინახება და ამიტომ მათი ტრანსპორტირება და მოხმარება გაცილებით უფრო იოლია, ვიდრე იმ ორი ვაქცინის. მათ საიმედოობისა და დაცვის ისეთივე პროცენტი უჩვენეს, დაახლოებით 95 პროცენტამდე, როგორც „ფაიზერმა“ და „მოდერნამ“. თუ ამ ორი ვაქცინიდან რომელიმე შემოვა, მე პირადად მივესალმები ამას. ლაპარაკია, რაც შეიძლება ჩქარა შემოვიდეს. არავინ იცის, ზუსტად როდის შემოვა, მაგრამ ჩემი ვარაუდით, იმდენად სერიოზული არხებია ჩართული ამ მოლაპარაკებებში, რომ ვფიქრობ, ერთ თვეში შემოვა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ პირველ არხთან საუბრისას.











