ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, შატილში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამერიკის საელჩოს სრული შემადგენლობა ღრმა მწუხარებას გამოხატავს 23 აგვისტოს შატილში დატრიალებული ტრაგედიის გამო.
„პრაიმტაიმი“ კელი დეგნანის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„ამერიკის საელჩოს სრული შემადგენლობის სახელით, მსურს, ღრმა მწუხარება გამოვხატო 23 აგვისტოს შატილში ტრაგიკულად დაკარგული ჩვიდმეტი სიცოცხლის გამო. ვფიქრობთ მათზე, ვინც დაიღუპა და ვინც ამ მძიმე წუთებში მათ დაკარგვას გლოვობს.
იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. თქვენ გარშემორტყმული ხართ ხალხით, ვინც თქვენს მწუხარებას იზიარებს“ – ელჩი კელი დეგნანი“ – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, შატილის გზაზე მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად გარდაიცვალა 17, ხოლო მძიმედ დაშავდა 3 ადამიანი. დაშავებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან გადაყვანილები.











