საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მათ, რომ დაიცვან უსაფრთხოების ზომები.
საელჩოს ინფორმაციით, ვრცელდება მუქარა თელ ავივის და შესაბამისად, გარშემო ქალაქების მიმართულებაზე.
„საქართველოს მოქალაქეებს კვლავ მოგიწოდებთ, დაიცავით უსაფრთხოების ზომები. მიმდინარე სამიზნე აშკელონი, აშდოთი, შდეროთი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაა. ვრცელდება მუქარა თელ ავივის (შესაბამისად, გარშემო ქალაქების) მიმართულებაზე“, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 12 მაისს ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განაახლა. დაჯგუფებამ სდეროთისა და აშკელონის მიმართულებით 180 რაკეტა გაუშვა. ბოლო დღეების განმავლობაში, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1 600-მდე რაკეტა ისროლეს.
ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ღაზის სექტორში სამიზნეებზე იერიშის გაძლიერება დაამტკიცა.
კონფლიქტის ესკალაციის დაწყებიდან დღემდე, ისრაელმა საპასუხო ზომების ფარგლებში ღაზის სექტორში 600-მდე სამიზნე გაანადგურა.











