ტელეკომპანია „მთავარი“ გიორგი შაქარაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, დაუმონტაჟებელ ვიდეომასალას ავრცელებს.
6 წუთიანი ჩანაწერი მცხეთის ინციდენტს, კონკრეტულად კი ხიდის ეპიზოდს ასახავს. ვიდეოში ჩანს, როგორ უახლოვდება „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომობილი გიორგი შაქარიშვილს და მის მეგობრებს.
ავტომობილიდან გადმოდის რამდენიმე პირი და შაქარაშვილისა და მისი მეგობრების მიმართულებით გარბიან.
შემდეგ ავტომობილი გზის სავალი ნაწილის საპირისპიროდ მიემართება და ხიდთან ჩერდება. რამდენიმე წუთში ავტომობილი ტოვებს ტერიტორიას.
ნიკა გვარამიას თქმით, მაღალი ალბათობით სწორედ ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში, რა დროსაც ავტომობილი ხიდთან არის გაჩერებული, მასში მყოფი ადამიანები თავდასხმას ახორციელებენ შაქარაშვილისა და მისი მეგობრების მიმართ.
„ჩვენ ვხედავთ, რომ „ქამრი“ ჩერდება და იქიდან ხალხი გადმოდის. პროკურატურის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ავტომობილიდან გადმოსული ადამიანები მაშინვე ჯდებიან უკან და ტერიტორიას ტოვებენ.
დაუმონტაჟებელ კადრში კი ჩანს, რომ ავტომობილიდან გადმოსული ადამიანები რაღაც მიმართულებით გარბიან. რაც არ გვაჩვენა პროკურატურამ, ვიდეო ჩანაწერის იმ მონაკვეთში ჩანს, რომ ხიდის ქვემოთ გარბიან ადამიანები და ვერ ვხედავთ ისინი რას აკეთებენ ამ ხნის განმავლობაში.
სავარაუდოდ ეს არის ის დრო, როდესაც იქ ხდება ის რის გამოც ჩვენ ამ სტუდიაში შევიკრიბეთ. იქ მიმდინარეობს თავდასხმა გიორგი შაქარაშვილზე მაღალი ალბათობით. “- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.
19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.
თავდასხმა გიორგი შაქარაშვილზე – კადრები, რომელიც პროკურატურამ დამალა
თავდასხმა გიორგი შაქარაშვილზე – კადრები, რომელიც პროკურატურამ დამალა
Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ოთხშაბათი, 01 ივლისი, 2020











