WHO-ს კორონავირუსზე რეაგირების ტექნიკური ხელმძღვანელი, მარია ვან კერხოვეს აცხადებს, რომ 2021 წლის დასაწყისი მსოფლიოსთვის რთული იქნება.
„ვფიქრობ, წინ რთული წელი გველის, ამიტომ აუცილებელია მოთმინება გამოვიჩინოთ და დადგენილ კურსს არ გადავუხვიოთ“,- აცხადებს კერხოვე.
მისი თქმით, წლის დასაწყისი რთული იქნება, რადგან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოსახლეობამ დღესასწაულების პერიოდში წესები არ დაიცვა.
„2021 წელი რთული იქნება, განსაკუთრებით პირველი სამი თვე. შობა-ახალი წლის პერიოდში ხალხის მოძრაობა და ქცევა სიტუაციას შეცვლის. გაიზრდება ვირუსის გავრცელების არეალი, სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები“,- აღნიშნა კერხოვემ.
კერხოვეს თქმით, ვაქცინები ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე გავლენას სწრაფად ვერ მოახდენს.
„წლის პირველი 6 თვე მტკივნეული იქნება მოსახლეობისთვის, ამიტომ მოთმინება უნდა გამოიჩინონ“,- ამბობს WHO-ს წარმომადგენელი.
როგორც მან აღნიშნა, მოსახლეობამ პირბადე კვლავ უნდა ატაროს. ასევე დაიცვან სოციალური დისტანცია და ხალმხმრავალ ადგილებს მოერიდონ.











