პანდემიასთან ბრძოლის საპასუხოდ სკოლების დახურვა უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს, რადგან ამ ყველაფერს ბავშვებზე „დამანგრეველი“ გავლენა აქვს, – ამის შესახებ WHO-ს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
მისი თქმით, სკოლების დროებითი დახურვა მხოლოდ ლოკალიზებულ ადგილებში უნდა მოხდეს, სადაც Covid-19 ინტენსიურ გადაცემას აქვს ადგილი.
„სკოლების დახურვის პერიოდში, დისტანციური სწავლების მეთოდით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს განათლების მიღების შესაძლებლობა. ის დრო კი, როდესაც სკოლები დახურული იქნება, პრევენციული ზომების განსახორციელებლად უნდა იყოს გამოყენებული“,- განაცხადა WHO-ს ხელმძღვანელმა.











