“ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ შევიდეთ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა ასეთი სერიოზული გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას”,- ამის შესახებ დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მხარეებმა საქართველოში შეთანხმებას სწრაფად უნდა მიაღწიონ და აღნიშნა, რომ რეფორმების განსახორციელებლად პარლამენტში ოპოზიციის მუშაობაა საჭირო.
„ჩვენ ვიხილეთ ჯეიმს აპატურაის ძალიან მკაფიო გზავნილი ნატოს მხრიდან, რომ ბოიკოტი არ არის ნორმალური ცივილიზებული, ევროპული დემოკრატიისთვის. ნატოში არ იღებენ ქვეყანას, სადაც ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს უცხადებენ ლეგიტიმურად არჩეულ პარლამენტს. ამიტომ, ეს ყველამ უნდა გავითვალისწინოთ და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ“, – განაცხადა ზალკალიანმა.
კრისტიან დანიელსონის ვიზიტი საქართველოში უკვე მეშვიდე დღეა გრძელდება. ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები დღის მეორე ნახევარში განახლდება.










