საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ევროკავშირის სახელმწიფოებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის და მათ შორის საქართველოსთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაზაფხულზე გადაცემის მოწოდებისთვის მადლობას უხდის.
„მინდა მადლიერება გამოვხატო ჩვენი პარტნიორი ევროკავშირის 13 საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ, რომლებმაც ევროკომისიაში წერილი გააგზავნეს იმისთვის, რომ საქართველოს ვაქცინების გამოგზავნასთან დაკავშირებით მყისიერი დახმარება გაეწიოს.
ეს ჩვენთვის, კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, იმ სოლიდარობის დადასტურება, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ ჩვენი ევროკავშირელი კოლეგების მხრიდან. მე მინდა თითოეულ მათგანს, 13-ვე საგარეო საქმეთა მინისტრს გულითადი მადლიერება გადავცე და მინდა საზოგადოებას ვაუწყო, რომ ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ, ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან ერთად, რომ საქართველომ, რაც შეიძლება ადრე მოიპოვოს ვაქცინა, ამ მიმართულებით საქმიანობა უკვე დაწყებული გვაქვს.
6 იანვრის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ჩვენ პრემიერ-მინისტრის დავალებით შემოგვიერთდნენ ევროკავშირის და სხვა პარტნიორ წევრ ქვეყნებში, ჩვენი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები, მათ საკოორდინაციო საბჭოს სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდეს, თუ რა საქმიანობაა დღემდე საქართველოსთვის გაწეული, ვაქცინის, რაც შეიძლება დროულად მიწოდებასთან დაკავშირებით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისევე როგორც ეს წერილი და სოლიდარობა, რომელიც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან აქვს საქართველოს, უახლოეს მომავალში გამოიღებს თავის შედეგს და საქართველო მისთვის კუთვნილ ვაქცინას მიიღებს“, – განაცხადა ზალკალიანმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის 13 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბლოკს მოუწოდეს შეიმუშაოს გამარტივებული მექანიზმი, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრ სახელმწიფოებს და მათ შორის საქართველოს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებას გაუადვილებს.











