უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბარი გამართა და მიხეილ სააკაშვილის საკითხი განიხილა.
როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, საუბრისას მან აღნიშნა, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად უნდა იყოს გარანტირებული.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბარში ხაზი გავუსვი, რომ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად უნდა იყოს გარანტირებული საერთაშორისო ნორმების შესაბამისად. მივმართე მიხეილ სააკაშვილის დედის, ნათესავებისა და უკრაინელი ექიმების მასთან დაშვების თხოვნით“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი.
ვლადიმირ ზელენსკისა და ირაკლი ღარიბაშვილის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზეც გავრცელდა.
„სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების უზრუნველყოფის საკითხი დააყენა და ხაზი გაუსვა, რომ ისინი უნდა იყოს სრულად გარანტირებული საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად. პრეზიდენტმა განსაკუთრებით აღნიშნა უკრაინის მოქალაქისადმი იძულების არაპროპორციული ზომების გამოყენების მიუღებლობა.
ვლადიმირ ზელენსკიმ აქცენტი გააკეთა მიხეილ სააკაშვილთან მისი დედისა და ახლობლებისთვის დაშვების აუცილებლობაზე. უკრაინის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფოს მეთაურმა ასევე გამოთქვა თხოვნა, მიხეილ სააკაშვითან უკრაინელი ექიმების დაშვების შესაძლებლობის განხილვის შესახებ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.











