ტელეკომპანია „რუსთავის 2″-ის, „მთავარი არხის”, გამოცემა – “ტაბულას” და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულებს ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძეს და მურად დევლარიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ მიიღო.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა ტელეკომპანია “რუსთავის 2”-ის, “მთავარი არხის”, გამოცემა – “ტაბულას” და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებს, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ძალადობით და ძალადობის მუქარით ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში და მიაყენეს ფიზიკური დაზიანება.
გამოძიება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და 225-ე მუხლებით გრძელდება.











